საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია  -“ახალი პარადიგმები დენტალურ იმპლანტოლოგიაში ბიონეკის კონცეფცია”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით დენტალური იმპლანტოლოგიის თანამედროვე მიდგომებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციის მონაწილეებისთვის სტომატოლოგიური მედიცინის დოქტორმა, ლიონის დენტალური ქირურგიის უნივერსიტეტის ლაურეატმა, პროფესორმა რობერტ ფრომენტალიმ მოხსენება “პარადიგმები დენტალურ იმპლანტოლოგიაში - ბიონეკის კონცეფცია” წაიკითხა.

 

კონფერენციის გახსნას თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, დარგის სპეციალისტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

კონფერენციის ბოლოს, დენტალური იმპლანტოლოგიის მიმართულებით პოსტდიპლომური განათლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დენტალური იმპლანტოლოგიის მიმართულებით ახალი, უწყვეტი პროფესიული განვითარების პოსტდიპლომური განათლების პროგრამა შეიქმნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აკრედიტაცია ექნება.

 

 „პროგრამა აკრედიტებულია მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში და გვსურს,  საქრთველოშიც განვახორციელოთ. ეს იქნება პოსტდიპლომური განათლების სასწავლო პროექტი სტომატოლოგიაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სტომატოლოგების პროფესიულ განვითარებას“,-აღნიშნა მამუკა მარგველაშვილმა.

 

პროგრამა მოიცავს 14 მოდულს და დიდი მოცულობით არის ჩართული პრაქტიკული ნაწილი. კურსის სტუდენტებისთვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს. პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დენტალური იმპლანტოლოგის დიპლომებს.

თარიღი: 22/04/2024